კომიტეტმა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმინა

03 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმინეს - თემურ კახიძე კანონმდებლების წინაშე 2020 წლის მიზნობრივი პროგრამების შესახებ ინფორმაციით წარსდგა.

 სხდომაზე, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა, მომხსენებლმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს მიერ დაგეგმილ 5 მიზნობრივ პროგრამაზე, რომლებიც ყველა მიზნობრივ ჯგუფზეა გათვლილი და რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად.

 თემურ კახიძის განცხადებით, სააგენტო შრომის ბაზრის კვლევისა და პროგრამებში ჩართულ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობის პარალელურად, ორიენტირებულია დასაქმების ხელშეწყობაზე, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამასთან, მიზნობრივ პროგრამებში გათვალისწნებულია ახალი კომპონენტებიც, რომლებიც არა მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობაზე, არამედ დამსაქმებელი კომპანიების მოტივაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული.

 მოხსენების დასრულების შემდეგ, სააგენტოს უფროსმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები, რომელთა შორის ერთ-ერთი სოციალურად დაუცველთა დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება.

 წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ერთხმად მიიღო ცნობად.

 კომიტეტმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ კანონის პროექტთან დაკავშირებითაც - საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ნაცვლიშვილის, გიორგი ლომიას, ირმა ინაშვილის, ადა მარშანიას, გია ჟორჟოლიანის, ემზარ კვიციანის, მირიან წიკლაურის, ეკა ბესელიას, კობა ნარჩემაშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის, ნატო ჩხეიძის, ბიძინა გეგიძის, გედევან ფოფხაძის, დავით ჭიჭინაძის, გელა მიქაძის და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“  სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა. ინიციატივა საქართველოს პარლამენტში სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებით გადაიგზავნება.