12 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 12 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

ნუგზარ სურმანიძემ კოლეგებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2017 წლის სამუშაო გეგმის პროექტი წარუდგინა. მომხსენებლის განცხადებით, გარდა საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებებისა, დარგობრივი კომისია პერიოდულად რეგიონის მუნიციპალიტეტებში გასვლითი სხდომების ჩატარებასაც გეგმავს.

-ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებით მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე. გარდა ამისა, გასვლითი სხდომები და მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტი საშუალებას მოგვცემს ადგილზევე შევისწავლოთ მათი პრობლემები, საჭიროებები თუ მოთხოვნები. პარალელურად, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას მათი პრობლემების სახელმწიფოს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გადაჭრაში,- აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

კომისიის წევრებმა სამუშაო გეგმის პროექტი მოიწონეს. როგორც აღინიშნა, მასში ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია შევიდეს გარკვეული ცვლილებები.

კანონმდებლებმა ამავე სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი.