საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

29 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე 2019  წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს, თუმცა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ, ამავე ფრაქციის თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა.

 დეპუტატის განცხადებით, ელგუჯა ბაგრატიონი უსაფუძვლოდ და უკანონოდაა დაკავებული. ამასთან, დაკავებისას და შემდგომაც, დაირღვა მისი უფლებები. გია აბულაძე ბოიკოტს უცხადებს საკანონმდებლო ორგნოს სხვა სხდომებსაც, მანამდე სანამ არ იქნება შესაბამისი რეაგირება.  

  2019  წლის აჭარის რეპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულებაზე მოხსენება სხდომაზე ამჯერადაც  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა -  ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსულობები -103,6, შემოსავლები - 105,3, საშემოსავლო გადასახადები - 103,5, სხვა შემოსავლები - 156,4 ხოლო გადასახდელები - 91,5 %-ით შესრულდა. ძირითადი პარამეტრების წარმოდგენის პარალელურად, მინისტრმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაზე და უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

  წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.