27 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ხვიჩა შარაშიძე და გიორგი მანველიძე ოფიციალური ვიზიტით დასავლეთ უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქის დედაქალაქ უჟგოროდში იმყოფებიან.

 საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, იმიერკარპატების სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს იგორ ბონდარენკოს, საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს იოსებ ბორტოს, საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს პეტრო გრიციკსა და საბიუჯეტო საკითხებში იმიერკარპატეთის საოლქო საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს ვასილ კოშელს შეხვდნენ.

 შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორივე რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. როგორც აღინიშნა, თერმული წყლებით მდიდარ იმიერკარპატეთში წარმატებით ვითარდება სამედიცინო ტურიზმი და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რეგიონისთვის.

 დელეგაციის წევრები დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნობენ აჭარის ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს. დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება სოფლის მეურნეობის, სამედიცინო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე.