დავით გაბაიძემ კომპანია „ბალტის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა

26 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სამედიცინო ტექნოლოგიების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის - “ბალტის“ ვიცე-პრეზიდენტს ბრუნო გალიეს, ამავე კომპანიის განვითარების მენეჯერს ხოსე ანხელ ვილას, მსოფლიოში ინსულტის მართვის ცენტრისა და სისტემების ერთ-ერთ დამფუძნებელს ხუან მაჩო ფერნანდესს, ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს - გოჩა ბაკურაძეს, ეკა ზოიძეს და მათ თანხმლებ ექიმებს უმასპინძლა.

 გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ილია ვერძაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურად ერთ-ერთი „ლიდერი“ და მზარდი დაავადების - ინსულტის მაღალხარისხიანი მკურნალობის საკითხებზე იმსჯელეს.

 ე.წ. კატალონიური მოდელი, რომელიც დაავადების მკურნალობის ერთიანი თანამედროვე სისტემაა, მკურნალობის მაქსიმალურ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტზეა ორიენტირებული. სტუმრების განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, აჭარა კავკასიაში პირველი რეგიონი იქნება, სადაც ინსულტის მკურნალობის (უშუალოდ რეგიონზე მორგებული) მსგავსი ძირითადი და პირველადი ცენტრები ოპერტიულ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს.

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით მომზადდება შესაბამისი პროგრამა, ხოლო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართება შეხვედრები როგორც შესაბამის სახელისუფლებო უწყებებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში.