11 იანვარი

სტაბილური და ნაკლებად საგანგაშო -ასე შეფასდა ჩვენს რეგიონში სეზონური ვირუსული დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ 11 იანვარს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა და რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რეგიონში მოქმედი თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ესწრებოდა.

სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით მოხსენება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მედიკოსები გასული კვირიდან ელოდებოდნენ დაავადების დინამიკის ზრდას, თუმცა დროულად გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, კლების აშკარა პროცესი შეიმჩნევა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონის ყველა სამედიცინო დაწესებულება გადაყვანილია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, პოლიკლინიკებში გაზრდილია პაციენტთა მიღების საათები, სამუშაო დღეებში მოქალაქეებს დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, ხოლო არასამუშაო დღეებში - დილის 9-დან 18 საათამდე შეუძლიათ მიმართონ ექიმებს.

დაავადებათა მატების თავიდან აცილების მიზნით, გაზრდილია სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობაც, ექიმები და მედპერსონალი ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მობილიზებულია პრევენციული ღონისძიებების დროულად გასატარებლად. ზაალ მიქელაძის განცხადებით, რეგიონში არ აღრიცხულა არც ერთი ფატალური შემთხვევა. რაც შეეხება ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პაციენტი არ იყო აჭარის მცხოვრები და ის უმძიმესი მდგომარეობით იმერეთის რეგიონიდან გადმოიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ნიჟარაძის მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, რეგიონში 100 ათას მოსახლეზე ვირუსული დაავადების 400 შემთხვევა აღირიცხა და ეს მონაცემი ეპიდემიოლოგიურ ზღვარს შეესაბამება. მისი თქმით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთანაც, რათა ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარებოდეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა. 2 თვის განმავლობაში აღირიცხა 936 გამოძახება, მათგან 31 ჰოსპიტალიზაციას დაექვემდებარა.

-მზად ვართ, ყველა აქტუალურ საკითხზე გავმართოთ მსგავსი შეხვედრები და ერთობლივი ძალებით ვიზრუნოთ ჩვენს მოსახლეობაზე. რეგიონის ყველა სამედიცინო დაწესებულება მობილიზებულია და მუშაობს საგანგებო რეჟიმში. მომსახურება უფასოა და ხელმისაწვდომია ყველასათვის, ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებთ, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, დაიცვან ვირუსული დაავადებების დროს დაწესებული ჰიგიენური ნორმები და წესები, რაც გართულებების თავიდან აცილების გარანტიაა, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ.

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.