19 ნოემბერი

   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და ბიუჯეტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

  კანონის პროექტი ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 321 მილიონ ლარს აჭარბებს. უპრეცედენტოდ, 11 %-ით იზრდება საშემოსავლო ნაწილი და ჯამში 290 მილიონი ლარით განისაზღვრება, 343 მილიონ ლარს აჭარბებს საბიუჯეტო ასიგნებები, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 111 მილიონით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - თითქმის 56 მილიონით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 21 მილიონით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი - 14 597,3 ათასი ლარით განისაზღვრება. მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი - დაახლოებით 63 % ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება, ამასთან, კანონის პროექტის მომზადებამდე მთავრობის წევრები ხვდებოდნენ მოსახლეობას, რათა მასში მაქსიმალურად ასახულიყო რეგიონის მცხოვრებთა საჭიროებები.

  მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. კომიტეტის წევრთა შეფასებით, კანონის პროექტში საშემოსავლო ნაწილის მკვეთრი ზრდის დინამიკაა: შემოსავლების ძირითადი ნაწილი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, რაც რეგიონის სტაბილურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს.

  კანონმდებლებმა სხდომაზე ასევე მოუსმინეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების, საავტომობილო გზების დეპარტამენტების ხელმძღვანელებს - თინათინ ზოიძესა და მუხრან კაკაბაძეს.  კომიტეტის წევრებმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ცალკეულ მიმართულებასთან დაკავშირებით მომზადებული 15 შენიშვნა გააცნეს და გარკვეულ საკითხებზე მოისმინეს მათი მოსაზრებები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტთან დაკავშირებით შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

  ამავე სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის   შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე, რომელიც კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.