15 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ნინო ჩხეტია(გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე), ილია ვერძაძე, პეტრე ზამბახიძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სტუდენტ-ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „რედისონში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ.     შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა - „აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2016-2019 წლების საქმიანობის შეფასება და გენდერული წარმომადგენლობების საკითხები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში“ გახლდათ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინა, რომელშიც გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა.    საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, წარმოდგენილი შედეგების შეფასების პარალელურად, საბჭოს მუშაობაზე, ქვეყანასა და რეგიონში, გენდერული თანასწორობის კუთხით დღეს არსებულ ვითარებაზე, რეალურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრისათვის ერთობლივი ძალისხმევით გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრეს.