11 იანვარი

11 იანვარს, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“( USAID) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, საფინანსო- საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარას“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დისკუსია, როგორც მოსალოდნელი იყო, აქტუალურ თემებზე გაიმართა. შეკითხვები ძირითადად აჭარის ტერიტორიული მოწყობის საკითხს, უფლებამოსილებების დელეგირებას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ფუნქციონალურ დატვირთვას, უმაღლესი საბჭოს შენობის ბედს, სადეპუტატო ხარჯებსა და სხვა საკითხებს შეეხებოდა.

დაინტერესებულ პირებს კანონმდებლებმა ამომწურავად უპასუხეს.

შეხვედრა, რომელიც ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ (USAID) ორგანიზებით გაიმართა, მესამე სექტორსა და უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ისახავს მიზნად. გამოითქვა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივებზე იმუშავებს.

ორივე მხარემ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები და უშუალო კომუნიკაცია აუცილებელი და მნიშვნელოვანია.