12 ნოემბერი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და ბიუჯეტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.

 შესაბამისი მოხსენება კანონმდებლების წინაშე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 321 მილიონ ლარს აჭარბებს. უპრეცედენტოდ, 11 %-ით იზრდება საშემოსავლო ნაწილი და ჯამში 290 მილიონი ლარით განისაზღვრება, 343 მილიონ ლარს აჭარბებს საბიუჯეტო ასიგნებები, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 111 მილიონით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - თითქმის 56 მილიონით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 21 მილიონით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი - 14 597,3 ათასი ლარით განისაზღვრება. მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი - დაახლოებით 63 % ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება, ამასთან კანონის პროექტში მაქსიმალურად აისახა მოსახლეობის საჭიროებები.

 მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი და მისი თანმდევი პრიორიტეტების დოკუმენტი, შესაბამისი შენიშვნებით, ბიუროს წარედგინება.

 სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც აგრარულ  და გარემოს  დაცვის საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.