ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ

08 ნოემბერი

      ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა. მომავალი კვირიდან კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება.

      საკანონმდებლო ინიციატივა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა. აღნიშნული ცვლილებით იზრდება აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში. კანონპროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უფლება.

     ეს გახლავთ ლადო მგალობლიშვილის მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პირველი ინიციატივა ავტონომიურ რესპუბლიკებში საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა, რომელიც პარლამენტმა 2017 წელს მიიღო.