07 იანვარი

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში, ისევე როგორც სრულიად საქართველოს სხვა ქალაქებში, ტრადიციული ალილოთი გაგრძელდა. საზეიმო მსვლელობაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა, მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდნენ: აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის თვითმმართველობის, ჩოხოსანთა დასის აჭარის სადროშოს, საზოგადოების წარმომადგენლები.

შობის მახარობლებმა ტრადიციულად ბათუმის ღვთიმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან 12 საათზე დაიწყეს და დღის ბოლოსათვის თავისუფლების მოედანზე, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან დაასრულეს მსვლელობა.

ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათითა და ტკბილეულით მსვლელობის დასაწყისშივე შეუერთდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე:

-სრულიად საქართველოს, ყველას ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღის მადლი და ძალა ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, - აღნიშნა მან.

მსვლელობისას შეგროვილი ტკბილეული და საშობაო საჩუქრები ამჯერადაც შეჭირვებულებსა და უპოვარებს გადაეცათ.

ბათუმელებმა ტრადიციული საშობაო ალილო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში V-VI საუკუნიდან დამკვიდრდა და ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით 10 წლის წინათ განახლდა, მეათედ აღნიშნეს.