31 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   მზადაა I მოსმენით განხილვისთვის.  შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.  

  უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, მერაბ კარანაძის, დავით ბაციკაძის, ილია ვერძაძის, ირაკლი ჭეიშვილის, ნინო ჩხეტიას, ნუგზარ სურმანიძის, ვახტანგ წულაძის, ცოტნე ანანიძის, გიორგი მანველიძის, ვლადიმერ მგალობლიშვილის, დავით თედორაძის,  ხვიჩა შარაშიძისა და გიორგი რომანაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტები სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებები ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.