30 ოქტომბერი

 სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 2020 წლის მიზნობრივი პროგრამების პროექტები განხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.

 საკითხი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელძღვანელმა - რუსუდან შავიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, 2020 წლისათვის პროგრამის – ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“ ბიუჯეტი 1 206 490 ლარია, რაც 90 290 ლარით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. პროგრამა წარმოდგენილია 2 ქვეპროგრამით: „ცენტრის აპარატი“ და ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა“ ქვეპროგრამა ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა“ აერთიანებს 6 ღონისძიებას, მათ შორის მენჯ-ბარძაყის სახსრის დიპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეულ დიაგნოსტიკას, ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის დროულ გამოვლენა-დიაგნოსტიკას ერთ წლამდე ბავშვებში, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას ორსულებში და ა.შ. ცენტრი მომავალი წლისთვისგარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის სხვადასხვა დაავადებათა დიაგნოსტიკისა და კვლევის, პრევენციის ღონისძიებებს განახორციელებს, კვლავ გაგრძელდება C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები.

 როგორც  უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ აღნიშნა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც იქ მომუშავე მაღალკვალიფიციური კადრებისა და წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის შედეგია. კომიტეტის წევრებმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს ქალბატონ რუსუდან შავიშვილს და წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

სხდომას ესწრებოდნენ პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები.