28 ოქტომბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები-დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, ეპარქიისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, სახალხო დღესასწაულ ტბელობას დაესწრნენ.

,,ტბელ აბუსერისძე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო ადამინმა როგორც ერისკაცმა, ღვთისმსახურმა და მეცნიერმა. ბუნებრივია, ყველა ტბელი ვერ ვიქნებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანის გზა ავიღოთ მაგალითად და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერო საქმიანობაში’’- აღნიშნა დავით გაბაიძემ სიტყვით გამოსვლისას.

უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა და ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 4 პიროვნებას: ეთერ დეკანაძეს, ეთერ ხალვაშს, რევაზ შაინიძესა და ნიკოლოზ დუმბაძეს ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია გადასცეს. აქვე, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძე, ხულოს საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვეს. მშობლიური სოფლის კულტურის ცენტრს, დავით გაბაიძემ, გელა გაბაიძის მიერ შეძენილი, აზიური გარმონი გადასცა საჩუქრად.

დიდი მეცნიერისა და შემოქმედის-აბუსერისძე ტბელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ტბელობა“, სოფელ ხიხაძირში, წელს მეორმოცედ ჩატარდა. ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა უხუცესთა ანსამბლ „ბერმუხას“ მიერ შესრულებულმა “განდაგანამ“, რომელსაც ამ დღეებში არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.