23 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პროგრამების პროექტები განიხილეს. შესაბამისი მოხსენებით კომიტეტისა და ამავე კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების, დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენლებისა და სამედიცინო სფეროს ექსპერტების წინაშე აჭარის ჯანმრთელობის  და  სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე წარსდგა. მისი განცხადებით, გეგმის თანახმად, უწყების 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 3 237 365 ლარით, ანუ 18 %-ით გაიზრდება და 21 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამასთან, სამინისტრო მომავალ წელს, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 36 პროგრამას განახორციელებს.

 მომხსენებელმა პროგრამული ბიუჯეტის პროექტისა და პროგრამების პარალელურად, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მომავალი წლისთვის დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება და უპასუხა შეკითხვებს.

 უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ მოსახლეობის სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფისა და შშმ პირთათვის განკუთვნილ პროგრამებთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლებს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები გააცნო:

 -ძალიან ბევრი რამ კეთდება ადამიანების გადარჩენისთვის, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჯანდაცვის პროგრამები უფრო კომფორტული და მოქნილი იყოს, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

 მინისტრის პირველი მოადგილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს ცნობად.

 კომიტეტმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ დასაქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.