ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

22 ოქტომბერი

  შუახევის მუნიციპალიტეტში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და  თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგის პირველი საკითხი - აჭარის ავტონომიური რეაპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით იზრდება აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში. კანონპროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების, ასევე სისტემური ხარვეზების გამოვლენის უფლებამოსილება, რაც ხელს შეუწყობს, აამაღლებს და გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას.

 როგორც ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, ამავე კანონის პროექტით, ზემოთ აღნიშნულ უწყებებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ცალკეული გადაცდომები, რის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან, საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ამავე უწყებებს ენიჭებათ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. მათ ასევე ეძლევათ საშუალება დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენას, რაც აჭარაში არსებულ 229 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

 კომიტეტმა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონპროექტი ლადო მგალობლიშვილის მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პირველი ინიციატივა ავტონომიურ რესპუბლიკებში საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა, რომელიც პარლამენტმა 2017 წელს მიიღო.

განცხადებები