21 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ავსტრიელ სტუმრებს უმასპინძლა.

 დელეგაცია, ნიბერლუნგების მხარის ლიდერთა პროგრამის თავმჯდომარის - დიტერ ჰოლცერის მეთაურობით, აჭარაში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ავსტრიის პარლამენტის წევრები, სხვადასხვა რეგიონის ქალაქების მერები, ვიცე-მერები, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპებს, დაცულ ტერიტორიებსა და ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას ეცნობიან.

 გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის ურთიერთობების განვითარებაზე. დავით გაბაიძემ სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და სპეციფიკა გააცნო, უპასუხა მათ შეკითხვებს.

 შეხვედრას ესწრებოდნენ  ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები, რომელთა ორგანიზებით, დელეგაცია ეწვია ქედას, შეხვდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, გაეცნო მიმდინარე პროგრამებს. იგეგმება დელეგაციის წევრთა შეხვედრები აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.