19 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ხელისუფლებისა და სამედიცინო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის სამედიცინო ცენტრი (BMC) გახსნეს.       

 აჭარის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი ახალი, მრავალპროფილური კლინიკა პაციენტებს სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. უმაღლესი ხარისხის უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ცენტრში მომუშავე სხვადასხვა დარგის წამყვანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები აქ მოსულ მოქალაქეებს მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ.

 ბათუმის სამედიცინო ცენტრი რეგიონში პირველი კლინიკაა, რომელიც ვერტოდრომის მოწყობის შემდეგ ოპერატიულად მოემსახურება აჭარის მაღალმთიანეთის მცხოვრებლებს - აეროდრომის მშენებლობა აქ უკვე დაწყებულია და ეს, ერთის მხრივ, სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზეც დადებითად აისახება.

 ცენტრი შპს „ჰელს ქეარ გრუპმა“ 2017 წლის დეკემბერში აუქციონის წესით შეისყიდა და დღემდე მის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.