11 ოქტომბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე,    უმაღლესი საბჭოს წევრები მერაბ კარანაძე, ხვიჩა შარაშიძე,  გიორგი მანველიძე,  აჭარის მთავრობისა  და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ქედაში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ.

„შემოდგომა ქედაში - 2019“  წელს ცნობილი კინოფილმის - „მევლუდის“ 35-ე წლისთავს მიეძღვნა.

ქედელებსა და მუნიციპალიტეტის სტუმრებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღესასწაული  მიულოცეს და საპატიო ქედელები დააჯილდოვეს.  წელს საპატიო ქედელის სტატუსი 6 ადამიანს მიანიჭეს, ხოლო ორს მადლობის სიგელი გადასცეს.

სახალხო ზეიმი, რომელსაც 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი, ამჯერადაც დაბა ქედის ცენტრალურ, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში გაიმართა. თითოეულმა ადმინისტრაციულმა ერთეულმა მისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნამუშევრები, ტრადიციული კერძები და ფოლკლორი წარმოადგინა, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით.

ზეიმის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ვარჯანისში გაემგზავრნენ, სადაც  ყურძენი დაკრიფეს და „შატო ივერის“  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ  მარანში დაწურეს.