11 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, სასტუმრო „შერატონში»,  2018 წელს საგნობრივი ოლიმპიადის, სახვითი ხელოვნების კონკურსის, ლიტერატურული მარათონისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსებში (ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების) გამარჯვებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადაში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის საუკეთესოები - 121 მოსწავლე და 73  მასწავლებელი ლეპტოპებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამები საუკეთესო გზაა ახალგაზრდებისა და მათი პედაგოგების მოტივაციის ამაღლებისათვის.

„მსგავსი პროგრამების განხორციელება დასტურია იმისა, რომ ჩვენთვის მომავალი თაობების განათლება პრიორიტეტია და ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

გამარჯვებულებს დამსახურებული ჯილდოები მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა.

ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გაიმართა. კომკურსებსა და ოლიმპიადებს სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს.