29 დეკემბერი

29 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ცნობილ ექიმს - „ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დირექტორს, სრულ პროფესორს ისმეთ დინდარს (მიქელაძე), ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს ლეილა ახვლედიანსა და „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის“ (კლინიკა „ბიჰი“) მთავარი ექიმის მოადგილეს იელიზ ილმაზს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე ესწრებოდა, სტუმრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ძალზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევა, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იმ დიდი ღვაწლის თაობაზე, რომელიც ისმეთ დინდარს (მიქელაძე) მიუძღვის საქართველო-თურქეთს შორის სამედიცინო სფეროში ურთიერთობების განვითარება-გაღრმავებაში. მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგია თუნდაც „ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა“ და კლინიკა „ბიჰის“ დაფუძნება, სადაც თურქეთის ცნობილი კლინიკებიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, როგორც ნუგზარ სურმანიძემ აღნიშნა, ისმეთ დინდარი ყოველთვის იდგა და დღესაც დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით, იქნებოდა ეს საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების დამყარება, პაციენტების მკურნალობა-დახმარება თუ სხვა საკითხები.

შეხვედრაზე მსოფლიოში ცნობილი ექიმის კიდევ ერთი, ძალზე კარგი წამოწყების შესახებ ისაუბრა „ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ლეილა ახვლედიანმა. ისმეთ დინდარის (მიქელაძე) ინიციატივით, 2017 წლიდან 8 ქართველი სტუდენტი აღნიშნულ უნივერსიტეტში მაღალი დონის სამედიცინო განათლებას სრულიად უფასოდ მიიღებს.

-ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მიენიჭა „საუკუნის ექიმის“ ტიტული. დიდია მისი დამსახურება არა მხოლოდ სამედიცინო სფეროში, არამედ ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების განვითარება-გაღრმავებაში, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

დავით გაბაიძემ სტუმარს გულითადი მადლობა გადაუხადა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ორი ქვეყნისათვის სასიკეთო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის დასასრულს ისმეთ დინდარმა მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.