05 ოქტომბერი

 „ქვეყნისათვის საუკეთესო ინვესტორები ჩვენი პედაგოგები არიან, ვინაიდან ეს არის გრძელვადიანი მაგრამ ყველაზე კარგი ინვესტიცია, რომელიც შეიძლება ქვეყანაში დაბანდდეს. მე მინდა თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა, განსაკუთრებით იმ თაობის პედაგოგებს, რომლებმაც 90-იანი წლები გამოიარეს და უზრუნველყვეს  განათლების უწყვეტობა“, -  განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „შერატონში“, მასწავლებელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად, ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ პედაგოგებს უმასპინძლა. მომავალი თაობების აღზრდის  საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 35 პედაგოგს სიგელები, თაიგულები და ფულადი ჯილდოები  უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა  და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითოეულ პედაგოგს მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისათვის და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

  დაჯილდოების ცერემონიამდე ღონისძიების მონაწილე პედაგოგებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ განათლების პროგრამები წარუდგინა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პედაგოგებთან ერთად  სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

  მასწავლებელთა პროფესიულ დღეზე წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ტრადიციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ჩაუყარა საფუძველი. წლის შედეგებით საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია, რომელმაც ამჯერად  ბათუმიდან -12, ხელვაჩაურიდან - 7,  ქობულეთიდან -5, ხულოდან და შუახევიდან 4-4, ხოლო ქედიდან -3 პედაგოგი შეარჩია ჯილდოზე წარსადგენად.