03 ოქტომბერი

აჭარაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება.  ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო.

“თქვენი ხმა გადამწყვეტია და ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ საზოგადოების მოთხოვნები, ვინაიდან ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენთან თანხმობით უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

კონსტიტუციური კანონის პროექტები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

გადასვლას ითვალისწინებს და დავით გაბაიძემ ცვლილებების მომზადების წინაპირობებზე, მათ დადებით და ნაკლოვან მხარეებზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ამჯერადაც სამ ძირითად მიმართულებაზე - პროპორციულ სისტემაზე, ბუნებრივ ბარიერსა და ბლოკების დაშვება-არდაშვებაზე გაამახვილეს ყურადღება და უპასუხეს მოქალაქეთა შეკითხვებს. შეხვედრის მონაწილეებმა  დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ფორმატი და ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნებით, პროპორციულ სიებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობის უზრუნველყოფის, პოლიტიკურ ძალთა ბალანსისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ.