28 დეკემბერი

27 დეკემბერს, ბათუმში სასტუმრო „დივანში“, აზერბაიჯანელთა მსოფლიო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება მოეწყო. აზერბაიჯანული დიასპორისა და ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საღამოს ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, თვითმმართველობის, საზოგადოების, სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები.

ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აზერბაიჯანელთა მსოფლიო სოლიდარობის დღის დაარსების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს დღე ტრადიციულად ყოველი წლის 31 დეკემბერს აღინიშნება და 1989 წლის დეკემბერში აზერბაიჯანელების მიერ რუსეთ-ირანის საზღვრის გადალახვასა და ამ გზით ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას უკავშირდება.

აზერბაიჯანელ ხალხს, აჭარის აზერბაიჯანელთა დიასპორის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა საქართველო-აზერბაიჯანის ისტორიულ მეგობრობასა და იმ ურთიერთობებს, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და დღესაც გრძელდება.

-ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვაინია, რომ თანამშრომლობა ორ მეზობელ, მეგობარ ხალხს შორის არ არის მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე. აჭარისა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკებს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, ხშირია სამთავრობო ვიზიტებიც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება,- განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.