25 სექტემბერი

 „ძალადობის გამოვლენა თითოეული მოქალაქის ცნობიერების ამაღლებაზეა დამოკიდებული და მჯერა, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვლება. კარგი იქნება თუ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომზადდება შესაბამისი ვიდეორგოლები, რომლებიც დისკრიმინაციის შესახებ კანონის იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის ოფისში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, შს სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

 სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე მომზადებულ საინფორმაციო შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ნინო ჩხეტია, ცოტნე ანანიძე, დავით ბაციკაძე და პეტრე ზამბახიძე ესწრებოდნენ.

 ერთ-ერთი პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა წარმოადგინა, ამ მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ასახვდა. სამართალდარღვევის შემადგენელ ყველა ელემენტზე, სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის, სასამართლო განხილვის პროცედურებსა და არსებულ პრაქტიკაზე, ასევე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახალხო დამცველისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებსა და კანონით გათვალისწინებულ პროცედურებზე,  შს სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბოლო დროს შრომით ურთიერთობებში გამოვლენილ დისკრიმინაციის შემთხვევებზე.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.