აჭარისა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო კუთხით, კომიტეტებსა და აპარატებს  შორის თანამშრომლობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სხდომები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც აჭარაში მცხოვრები დევნილების საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

4-მუხლიანი დოკუმენტი, რომელსაც აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და ჯემალ გამახარიამ მოაწერეს ხელი, ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთთან კოორდინაციითა და რესურსების ურთიერთგაცვლით, საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, ორ საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობებს სხვა დატვირთვაც აქვს, ვინაიდან  აჭარა, სადაც არა მხოლოდ დევნილები, არამედ საუკუნენახევარზე მეტია ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები, მაგალითია იმ ძმური ურთიერთობებისა, რომლებიც ტრადიციული იყო ქართველებისა და აფხაზებისათვის.

ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც უმაღლესი საბჭოს მომავალ შენობაში გაიმართა, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატების წარმომადგენლები, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი