27 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 27 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი შესვენების გარეშე განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის დავით თარხან-მოურავის ადგილმონაცვლის ზაზა ოქუაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საკითხი კომისიამ 26 დეკემბრის სხდომაზე განიხილა და მიიჩნია, რომ ადგილმონაცვლე წევრის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

კენჭისყრისას ზაზა ოქუაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს სხდომაზე რეგისტრირებულმა 17-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დეპუტატებმა დღის წესრიგის რიგით მეორე საკითხად განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების თაობაზე. პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ეს ინიციატივა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილების რეგიონის კანონში ასახვას ითვალისწინებს. საუბარია მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდზე, რომელიც 25 მილიონი ლარით დაფინანსდება და ძირითადად ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება.

საკითხზე თანამომხსენებელმა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ აღნიშნა, რომ კანონის პროექტთან დაკავშირებით საკომისიო განხილვებისას შენიშვნები ან დამატებითი წინადადებები არ გამოთქმულა და კოლეგებს პროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

კითხვა-პასუხის შემდეგ კანონის პროექტი, გამარტივებული წესით, 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პეტრე ზამბახიძემ და გიორგი დიასამიძემ.

ცხარე კამათის ფონზე წარიმართა დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხის განხილვა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები 315 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 83 115,8 ათასი ლარით აჭარბებს. პროექტის თანახმად, შემოსულობების გეგმა 224 620.0 ათასი ლარია და ის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35,5 %-ით მეტია. მინისტრის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000, 0 ათასი ლარია, რაც 42,3 %-ითაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

მომხსენებელმა თავის ვრცელ გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითად მაჩვენებლებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც სხვადასხვა სფეროშია დაგეგმილი და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, როგორც რამაზ ბოლქვაძემ აღნიშნა, მთავრობამ კანონის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს მიერ გამოთქმული 60 შენიშვნიდან თითქმის ყველა გაითვალისწინა და ეს პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში აისახა.

პროექტი დადებითად შეაფასა საკითხზე თანამომხსენებელმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავამ. მის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ბიუჯეტის პროექტი სათანადოდ, საფუძვლიანადაა მომზადებული და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.

კანონის პროექტი ასევე დადებითად შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ. მისი განცხადებით, ბიუჯეტში გაწერილი პროექტები რეგიონში სოციალური ფონის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯებია.

ოპოზიციის შეფასებით, ბიუჯეტი არ ასახავს რეალობას და ის არც წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კოლეგებს რეგლამენტის დაცვისაკენ არაერთხელ მოუწოდა, ურთიერთსაწინააღმდეგო გამოსვლები ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კითხვა-პასუხისა და კამათის დასრულების შემდგომ ბიუჯეტის პროექტი 13 ხმით 4-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

დღის წესრიგის ბოლო ორი საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 14 ხმით, გამარტივებული წესით, დამტკიცდა. ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის გადავადებამ გამოიწვია.

ამდენივე ხმით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიების შემადგენლობაში ცვლილება დავით თარხან-მოურავის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტამ გამოიწვია.

რიგგარეშე სესია, რომელიც 5 საათს გაგრძელდა, სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.