18 სექტემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ 19 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა, თუმცა მანამდე, კანონმდებლებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს: 

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ», რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა, განსახილველად კომიტეტებში ჩაეშვა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. კანონის პროექტის მიღება, მომხსენებლის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებითაა განპირობებული.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში ასევე ჩაეშვა: კონსტიტუციური კანონის პროექტები _ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

  ბიურომ ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხს.

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განმარტებით, კომისია 11-წევრიანია, თუმცა ის ღიაა და მასში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე აპარატის წარმომადგენელს. კომისია, მისი დამტკიცების შემდგომ, შესაბამის სხდომაზე განსაზღვრავს კონსტიტუციური კანონის პროექტების სახალხო განხილვების გრაფიკსაც.