10 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე საქართველოს პარლამენტში შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების 2-დღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის დეივიდ ჰობსის, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთის და ბულგარეთის პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით გამართული უპრეცედენტო შეხვედრა, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი გივი მიქანაძეა, ნატო-ს საპარლამენტო სამდივნოს ქოლგის ქვეშ და მათთან პარტნიორული ურთიერთობით ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრისას, საერთო გამოწვევების პარალელურად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და პარლამენტების თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში ადმინისტრაციის როლზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა ნატოს საპარლამენტოს ასამბლეის ქოლგის ქვეშ ერთობლივი აკადემიის დაფუძნებას ითვალისწინებს, რომელშიც ნატო-ს ექსპერტები საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოების აპარატების თანამშრომლებს გადაამზადებენ.

შეხვედრის მეორე დღე რეგიონულ თანამშრომლობას დაეთმო.