09 სექტემბერი

  სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე გადავიდა.

  ახალი კორპუსის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

  პროექტი 2017- 2019 წლებში ხორციელდებოდა, რისთვისაც  აჭარის ბიუჯეტიდან 3 500 000 ლარი გამოიყო. შენობას დაემატა მესამე სართული, მოეწყო მანსარდი, ეზოში აიგო ოთხსართულიანი ახალი კორპუსი. შენობა მორგებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკას, აქვე განთავსდება მუსიკის ფაკულტეტიც, რომელიც ამჟამად სამუსიკო თერთმეტწლედის შენობაშია განთავსებული.

 უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მოეწყო საგამოფენო, საკონფერენციო და მცირე საკონცერტო დარბაზები, მცირე თეატრი, სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები.