02 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ილია ვერძაძის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.  შესაბამისი დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“, სხდომაზე ილია ვერძაძემ წარმოადგინა.

ინიციატივა, რომელიც ზეგანაკვეთური სამუშაო დროის განსაზღვრას ითვალისწინებს, კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის საკმარისად მომზადებულად მიიჩნია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტი - „2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შესახებ“, რომლის ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები - ელგუჯა ბაგრატიონი, ასმათ დიასამიძე, გია აბულაძე, მერაბ ბლადაძე, გიორგი ცინცქილაძე, გიორგი დიასამიძე, პეტრე ზამბახიძე არიან, სხდომაზე მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა -  გია აბულაძემ წარმოადგინა.

კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მიუღებლად მიიჩნია.

ამავე სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განიხილეს უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ კომიტეტებში წევრთა ჩანაცვლების საკითხი.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი დასკვნა ბიუროს წარედგინება.