ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

26 დეკემბერი

25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. შობა-ახალი წლის უმთავრესი და ყველასათვის საყვარელი 22-მეტრიანი ატრიბუტი ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის შვილთან - ქრისტინე ბერიძესთან ერთად აანთო.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე. აქ იყვნენ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრები: მერაბ კარანაძე (უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), დავით თედორაძე, დავით ბაციკაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე, პეტრე ზამბახიძე, ხვიჩა შარაშიძე, ვახტანგ წულაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ქალაქის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ევროპის მოედანზე ზეიმი 12 საათიდან დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდა. ქალაქ ბათუმის მერიის საზეიმო ღონისძიებები 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი. 31 დეკემბრის ღამეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ტრადიციული გალა-კონცერტი გაიმართება, 7 იანვარს კი საშობაო კონცერტს ბათუმის ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს.