26 დეკემბერი

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ იუბილარია - ყველასათვის საყვარელი შემოქმედებითი კოლექტივი 25 წელია ქართული მუსიკალური ხელოვნებისა და ხალხის სამსახურშია. მრავალფეროვანი რეპერტუარი, საშემსრულებლო ოსტატობა, თითოეული მუსიკალური ნაწარმოების განსხვავებული ხელწერით შესრულება და სხვა მრავალი თვისება, რითაც ანსამბლი „ბათუმი“ გამოირჩევა, გახდა საფუძველი იმ საყოველთაო სიყვარულისა, რომელიც მის წევრებს არ აკლიათ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართულ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე (უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), დავით თედორაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე, პეტრე ზამბახიძე, ხვიჩა შარაშიძე, ვახტანგ წულაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ანსამბლის შემოქმედების თაყვანისმცემლები.

მომღერლებმა საიუბილეო საღამოზე არაერთი გულთბილი მილოცვა მიიღეს, თითოეულ მათგანს „საპატიო ბათუმელის“ წოდების მინიჭება ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიულოცა.