23 დეკემბერი

22 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან ერთად, აჭარაში ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: მერაბ კარანაძე, ილია ვერძაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ნუგზარ სურმანიძე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების გამგებლები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურიზმის ინდუსტრიაში საუკეთესოთა დაჯილდოების ღონისძიება სახელწოდებით - „ მაგნოლია-2016“ რეგიონში დარგის სტიმულირებასა და შესაბამისი სერვისების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საუკეთესო ბრენდული სასტუმრო, სასტუმრო, სასტუმრო-საოჯახო სახლი სოფლად, რესტორანი, ტურისტული ატრაქცია, მუზეუმი, გიდი, ტურისტული სააგენტო, ტურისტული მარშრუტი და ახალი ტურისტული პროდუქტი - 10 ნომინაციაში გამარჯვებულები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მომხმარებელთა კვლევისა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვით გამოავლინა. კვლევის შედეგად, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 1200 ტურისტი გამოიკითხა. გარდა ამისა, სააგენტომ ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებითაც იხელმძღვანელა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, მინისტრებმა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს შესაბამისი სიგელები გადასცეს.