08 აგვისტო

   -ჩვენ ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა იმ ღირებულებებისათვის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ, გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მისი გაძლიერებისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მშვიდობიანი გზით შევძლებთ საქართველოს საზღვრების სრულად აღდგენას, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე, ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში, მემორიალთან გამართულ ხსოვნის ღონისძიებაზე.

   უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მერაბ კარანაძემ, ილია ვერძაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომში დაღუპულთა ახლობლებმა, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

   აგვისტოს ომის თერთმეტი წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცემა. თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი.

   ცნობისათვის: საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ბათუმში ორი წლის წინ აღიმართა და მისი ავტორები ბათუმელი ხელოვანები - ჯიმსონ გურგენიძე და თემურ მახარაძე არიან.  აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.