03 აგვისტო

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბწოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ხვიჩა შარაშიძე მთა თაგინულსა და გომისთაზე, „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრნენ. 
  მაღალმთიანეთის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უხუცესები და მემთეურები, რომლებიც მომავალ თაობებს მთის ტრადიციებს უნარჩუნებენ. 
  დღესასწაულზე, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სახალხო სეირნობა, სხვადასხვა აქტივობები. ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მოწვეული მუსიკალური ჯგუფიც მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფია, სამზარეულო, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ აჭარული ტრადიციული სამზარეულო: ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი, აჭარული დაწნილი ყველი. 
  ზეიმი მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.
  შუამთობა -2019“ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტით გაგრძელდა. კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები - დოღი, მკლავჭიდი და ქართული ტრადიციული ჭიდაობა.
 დღესასწაულს ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.