26 ივლისი

       

      ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შერეული საარჩევნო სისტემა მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად შენარჩუნდა. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციით შერეული სისტემა იცვლება პროპორციულით და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რიგი ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომლითაც ისინი ავტონომიურ რესპუბლიკაში ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მოითხოვენ. გვქონდა კონსულტაციები გუნდის შიგნით და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ რამდენიმე დღე და მთლიანი უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა დაგვჭირდება. ამასთან, დამატებითი კონსულტაციები დაგვჭირდება მოსახლეობასთანაც, რათა ისინი დავარწმუნოთ პროპორციული სისტემის დადებით მხარეებში" - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბათუმში, 9 პოლიტიკურ პარტიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

      დავით გაბაიძის შეფასებით, შეხვედრა პოლიტიკურ ძალთა პოზიციების დაახლოება-შეჯერებისაკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იყო.

     შეხვედრას უმაღლესი საბჭოდან თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.