19 ივლისი

-სასიხარულოა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის არის ძალზე კარგი ურთიერთობები, რომლებიც შორეული წარსულიდან იღებს სათავეს და ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს ურთიერთობები შევინარჩუნოთ. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული დამოკიდებულება ყალიბდება ისრაელის ქნესეთსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ისრაელის ქნესეთის დელეგაციასთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე, რომელსაც  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ესწრებოდა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ისრაელის ქნესეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობაზე. ქნესეთის მმართველი პარტიის კოალიციის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა დავით გაბაიძესა და მერაბ კარანაძეს, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, აჭარის უმაღლეს საბჭოში ისრაელ-საქართველოს ურთიერთობების ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართა, მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისათვის და სამომავლოდ ისრაელში ოფიციალურად მიიწვია.

ისრაელის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ქნესეთის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის უდიდესი ქალაქების თვითმმართველობების ხელმძღვანელები, მედიის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ისრაელის სახლის თავმჯდომარე იციკ მოშე შედიან, სამშობლოში ხვალ გაემგზავრება.