11 ივლისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმს დაესწრო.

ღონისძიება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები, ასევე საინვესტიციო სააგენტოების, მსხვილი ბიზნესგაერთიანებების, საერთაშორისო კომპანიების, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სფეროებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, სადაც ექვსივე მონაწილე ქვეყნის -აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი.