10 ივლისი

 ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობა დაიწყო. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ ბლადაძე, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასწავლო-სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 პროექტის მიხედვით, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კამპუსი, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზითა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით 1 500 ადგილობრივ, უცხოელ სტუდენტსა და 500 მოსწავლეზეა გათვალისიწნებული. მშენებლობა, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სამ წელიწადში დასრულდება.

 კავკასიის უნივერსიტეტში  სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე იწარმოებს. აქვე იმუშავებს ტრენინგ-ცენტრიც.

 უნივერსიტეტს, მსოფლიოს 70 ქვეყანაში, 130-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც უცხოელი სტუდენტების და ლექტორ-მასწავლებლების მიღების, ასევე ორმაგი ხარისხის პროგრამების,  გაცვლითი პროგრამების განხორციელების საშუალებას იძლევა.

 სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ასევე ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე გათვალისწინებული იქნება შეღავათები.