04 ივლისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  ცენტრალური საარჩევნო სისტემის მექანიკური გადმოტანა შესაძლებელია  მორგებული არ იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციფიკაზე. დავით გაბაიძის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა იმსჯელონ როგორ რჩება ბარიერი, უნდა დარჩეს არსებული 5% ბარიერი თუ გაკეთდეს ბუნებრივი, რომელიც უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში 4.76 პროცენტს შეადგენს. დავით გაბაიძე აცხადებს, რომ იგი მზად არის ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან დაჯდეს და იმსჯელოს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

„მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა დავჯდეთ პოლიტიკურ სუბიექტებთან, მე ამისათვის ღია ვარ. ნუ ვისაუბრებთ მხოლოდ ტელევიზიით, შევიკრიბოთ ნებისმიერ ადგილას, გნებავთ უმაღლეს საბჭოში, გნებავთ მათ მიერ მითითებულ ადგილას. მე მზად ვარ ვისაუბრო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან რომ მექანიკური გადმოტანა ცენტრალური საარჩევნო სისტემის შესაძლებელია მაინცდამაინც მორგებული არ იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციფიკაზე.  ამასთან დაკავშირებით უნდა ჩამოვყალიბდეთ უმრავლესობა. თუმცა აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვიღებდით შერეულ საარჩევნო სისტემას, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაშიც კი დაფიქსირდა განსხვავებული აზრი, მათ შორის რამოდენიმე მაჟორიტარიც გამოთქვამდა მოსაზრებას,  ხომ არ ჯობდა გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. აქვე არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, თუ ჩვენ ვისაუბრებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ფორმატით გადავდივართ, როგორ რჩება ბარიერი, უნდა დარჩეს არსებული 5% ბარიერი, თუ უნდა გაკეთდეს ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ჩვენთან თითქმის ტოლია 5%-ის, 4.76% გამოდის. როგორც ვამბობ დარჩენილი ნაწილის გამო, 1 პროცენტიც არ გამოდის, ღირს თუ არა ბარიერის დაწევა, გარდა ამისა ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ  როგორ განაწილდება ე.წ. ბონუსი. ძალიან ბევრი საკითხია. თუ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, უნდა გაკეთდეს ბლოკები თუ  პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ  მონაწილეობის არჩევნებში. პარლამენტის შემთხვევაში ბარიერი არის ძალიან დაბალი, ფაქტიურად 1% -ც არ არის და ჩვენ შემთხვევაში როგორც უკცვე გითხარით ბუნებრივი ბარიერი 4.76%. ეს არის დეტალები რომელზედაც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ უპირველეს ყოვლისა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან და ბუნებრივია, ვინაიდან გაკეთდა განცხადება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ საუბარს. ეს დამოკიდებულია იმაზეც როგორ შევთანხმდებით დროში ჩვენ და ის კონკრეტული სუბიექტები. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ პირადად მზად ვარ ვისაუბრო მათთან როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში ასევე ზოგადად“ -განაცხადა დავით გაბაიძემ.