17 ივნისი

  - მთავრობის საქმიანობის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წელიწადში ერთხელ უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენა ამიერიდან კონსტიტუციური ვალდებულებაა და 19 ივნისის რიგგარშე სხდომაზე სწორედ  ამ პროცესის მომსწრენი ვიქნებით, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით  გაბაიძემ ბიუროს რიგით მე-11 სხდომაზე. მისი განცხადებით, ეს პირველი პრეცედენტია, სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, მუშაობა გაგრძელდეს პროცედურების კიდევ უფრო დახვეწაზე.

  ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი საკითხის 19 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას.

  უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვის პროცედურები იწყება.  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილ საკითხს ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი - განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, 20 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიშის შესახებ, რომელიც ამავე საბჭოს თავმჯდომარემ  ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

  კანონმდებლებმა  ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზეც, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

  ბიურომ ერთხმად  განსაზღვრა უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რომელიც 2 საკითხისაგან შედგება.

  ამავე სხდომაზე ბიუროს წევრებმა ცნობად  მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრის - მერაბ ბლადაძის განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ.