21 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და თანამომხსენებელმა - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინეს.

მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე სამეურნეო წლის ბიუჯეტის ცვლილება საშემოსავლო ნაწილში ჭარბმა შემოსავლებმა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებამ განაპირობა. პროექტის თანახმად, რესპუბლიკური ბიუჯეტი 193 მილიონ 267 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებელი კი 215 მილიონ 465 ათასი ლარია. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, 500 ათასი ლარითაა გაზრდილი სახელმწიფოს მხრიდან ავტონომიური რესპუბლიკისთვის განკუთვნილი გრანტების მაჩვენებელი, რაც არასტანდარტული ციტრუსის რეალიზებისთვისაა გათვალისწინებული. 1 262, 3 ათასი ლარითაა გაზრდილი ბიუჯეტის გადასახდელები და ა.შ.

მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტი პროფიციტურია, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22 მილიონ ლარს შეადგენს და სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებაზე ნაწილდება.

საკითხზე თანამომხსენებლის გიორგი რომანაძის განცხადებით, კანონის პროექტმა საკანონმდებლო ორგანოში განხილვის ყველა პროცედურა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით გაიარა და მომზადდა შესაბამისი დასკვნაც. მან კოლეგებს პროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

კანონის პროექტი და მთლიანად სახელუფლებო გუნდი გააკრიტიკა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა. მისი შეფასებით, ბიუჯეტი აცდენილია რეალობას და არ ითვალისწინებს ქვეყანაში ლარის კურსის ვარდნით გამოწვეულ თუ მოსალოდნელ ვითარებას.

ოპოზიციის კრიტიკას საწინააღმდეგო გამოსვლებით უპასუხეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, რაც გარკვეულწილად კამათში გადაიზარდა. ოპოზიციის კითხვებს მინისტრმა კონკრეტული მონაცემებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ვნებათაღელვა სრულიად უსაფუძვლო იყო.

მინისტრის დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ რეგლამენტით გაწერილი განცხადების უფლებით ისარგებლა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, მან კოლეგებს პოლიტიკური თემებით მანიპულირების სანაცვლოდ კონკრეტულად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

რიგგარეშე სესია ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.