12 ივნისი

-ჩემი უფლების დაცვა არის სხვისი ღირსებისა და უფლებების პატივისცემა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენა არის გაყიდვადი და მედიაც გვთავაზობს იმ პროდუქციას, რაც იყიდება. სიძულვილის ენა ლახავს პიროვნების პატივსა და ღირსებას. ამიტომ ამ კუთხით აქტიური კამპანია აუცილებელია, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ სკოლა „იმედში“ გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით - „არა სიძულვილს!“

დისკუსიაში, ამავე სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე და ასმათ დიასამიძე მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა კანონმდებლებს მათ მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევარი, ისაუბრეს პრობლემის არსსა და კანონმდებლობაზე.

 ილია ვერძაძის განცხადებით, ქვეყნის მომავალი ახალგაზრდების ხელშია და სწორედ მათ უნდა უნდა შეინარჩუნონ ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

 უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ნამუშევრების წარდგენისთვის და აღნიშნა, რომ განათლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია სიძულვილის ენისაგან გათავისუფლება.

 დისკუსია ფონდ „ოცნების“ მიერ კერძო სკოლებში ორგანიზებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელის ნათია სვანიძის განცხადებით, წამახალისებელი მარათონი სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და გამარჯვებულ სკოლას სექტემბერში ჯილდოდ - 10 000 ლარი გადაეცემა.