05 ივნისი

 დღის წესრიგში გათვალისწინებული საკითხებიდან ორი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი _ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ (ინიციატორი: უმაღლესი საბჭოს წევრი ვლადიმერ მგალობლიშვილი) პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-10 სხდომაზე მიიღეს.

 დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით, უმრავლესობა ვადების მიზანმიმართულად გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რაც კატეგორიულად უარყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. დავით გაბაიძის განცხადებით, ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოისმენენ.

 ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა და მხარი დაუჭირეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტზე განხილვის პროცედურების დაწყებას. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. (მომხსენებლები: უმაღლესი საბჭოს წევრები - ხვიჩა შარაშიძე, ვახტანგ წულაძე).

 მუშაობა გაგრძელდება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებსა და დამატებებზე.  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, ინიციატივა არასაკმარისადაა მომზადებული და გრძელდება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორის, ასევე აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან. გადაწყვეტილებას - ინიციატივის პლენარულ სხდომაზე გატანასთან დაკავშირებით, მხარი არც ინიციატორმა დაუჭირა.

 ბიურომ ასევე ერთხმად  დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულება.