03 ივნისი

 აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა. ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლების წინაშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წარადგინა და უპასუხა მათ შეკითხვებს. მინისტრის პასუხები ცალკეულ საკითხებზე არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისათვის - ელგუჯა ბაგრატიონისთვის. თუმცა, ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.
 სხდომაზე, რომელსაც რეგიონის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი ესწრებოდა, ანალოგიური გადაწყევტილება მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების დოკუმენტის მიმოხილვასთან დაკავშირებითაც, რომელიც ასევე ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
 ორივე კომიტეტმა განიხილა და მოიწონა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ , რომელიც მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა- ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. შემაჯამებელ განხილვაზე კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.