03 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.
 სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი ესწრებოდა, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მის გატანას.
 კომიტეტის წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის მიმოხილვა, რომლის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ' სხდომაზე მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. კომიტეტმა ინიციატივა სათანადოდ მომზადებულად მიიჩნია და მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.