20 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტიციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრებმა 20 დეკემბრის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N09-02-15/510, 14.12.2016) ფინანსტა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში პირველად შედის ცვლილებები და იგი ჯამში 193 მილიონ 267 ათასი ლარია. მთავარ საფინანსო დოკუმენტში გადაჭარბებაა შემოსულობებში, რაც შეეხება ხარჯებს, მათი ნაწილი მცირდება. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი კანონის პროექტის რიგგარეშე სესიაზე განხილვას.

რიგგარეშე სესიაზე განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების თაობაზე (09-01-08/04, 15.12.2016 წ). იგი კოლეგების წინაშე ამავე კომისიისა და სხდომის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ცვლილება გამოწვეულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის გადავადებით.