19 დეკემბერი

-ეფექტური გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის,- ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრობის მის მიერ შერჩეული კანდიდატები აჭარის უმაღლესი საბჭოს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

დღის წესრიგის ერთადერთ საკითხზე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას ითვალისწინებდა, მოხსენებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წარსდგა. მან მინისტრობის ოთხივე კანდიდატის მიერ განვლილ გზაზე, მათ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი უპირველესად, მაღალი პროფესიონალიზმისა და ეფექტური მენეჯერული თვისებების გამო შეარჩია.

მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, რომელთა შორის განსაკუთრებული სიმწვავით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვები გამოირჩეოდა. -მოგვეცით საშუალება საქმით დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია და რის გაკეთებას ვაპირებთ,- ასე უპასუხა ზურაბ პატარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და მათ იმ ახალი პროექტების შესახებ შეახსენა, რომლებზეც სულ ახლახანს, ამავე სხდომათა დარბაზში ვრცელი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.

კითხვა-პასუხის, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომისიებისა და ფრაქციების არაერთგვაროვანი, ცალკეულ შემთხვევაში კი ურთიერთსაწინააღმდეგო გამოსვლების შემდეგ განცხადება გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მან წარმოდგენილი კანდიდატების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იქ სადაც პროფესიონალიზმია პოლიტიკური ნიშნები ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება. დავით გაბაიძემ ზურაბ პატარაძეს მადლობა გადაუხადა და კოლეგებს წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. - ამ გუნდის მხარდაჭერა ამომრჩევლის დაკვეთის შესრულებაა,- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

სხდომაზე გამოცხადებული 10-წუთიანი შესვენება საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო, იურუდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ სხდომისათვის გამოიყენა და ფარული კენჭისყრის ადგილი და ბიულეტენების ფორმა განსაზღვრა.

განახლებულ სხდომაზე ფარულ კენჭისყრაში 14 დეპუტატი მონაწილეობდა, ყველა მათგანმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სამთავრობო გუნდს შემდეგი შემადგენლობით: განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - ინგა შამილიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - რამაზ ბოლქვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლაშა კომახიძე.

ნაწილობრივ განახლებული სამთავრობო გუნდის დამტკიცების ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.